ნაპოლი vs ინტერი სუპერთასის ფინალი – წინათქმა

ნაპოლი vs ინტერი - სუპერკოპას ფინალი | Setanta Sports

ნაპოლი vs ინტერი – დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე იტაალის სუპერ თასის ფინალი გაიმართება. ესპანეთის მსგავსად იტალიის ოთხთა ტურნირსაც საუდის არაბეთი მასპინძლობს. ვერ ვიტყვი რომ დიდად სანახაობრივი გამოდის, იშვიათად რომ საფეხბურთო ატმოსფერო იყოს შექმნილი.

ამის დასტურად ნაპოლისა და ფიორენტინას ნახევარფინალის გახსენებაც კმარა, (3:0) იტალიის სუპერ თასი უმაღლესი მნიშვნელობის ტურნირი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა არაბების ატრაქციონს დაემსგავსა.

ფულს იხდიან, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული. მე კი იმედს გამოვთქვამ რომ პრემიერ ლიგის ტურნირები მაინც დარჩება იქ, სადაც ოდითგანვე ტარდებოდა. ნამდვილად, ინგლისი ყოფილა ფეხბურთის სამშობლო.

ნაპოლის შანსი

თავიდანვე ნათელი იყო რომ რთული სეზონი იქნებოდა. სპალეტიმ წასვლა გადაწყვიტა, აწყობილი გუნდის რეორგანიზება დაიწყო, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესია. თან, ვერ ვიტყვით რომ რეორგანიზებისთვის დიდად წარმატებული ხალხი იქნა შერჩეული. დე ლაურენტისი მეტად უცნაური და ხუშტურიანი კაცია.

ამას თან დაერთო კვარაცხელიას კონტრაქტის თემა და უსამართლობის განცდა, ოსიმენთან ინციდენტი ჯერ ნაპოლის სოციალური ქსელის მენეჯერის გაუაზრებელი ქმედების გამო, შემდეგ კი კვარაცხელიას აგენტის გაუგონარი ქმედების გამო. ვიქტორს ისედაც არ ჰქონდა კარგი დრო, ტრავმიანობდა, ახლა კი აფრიკის თასზე აგრძელებს გამოსვლას. ისიც რთული ხასიათის კაცია და სიტყვა არ დაუკლია არც მენეჯერისთვის, არც მამუკა ჯუღელისთვის.

ამ ორომტრიალში კი გამოდის რომ დღეს ნაპოლის სეზონის მთავარი შეხვედრა ექნება, რადგან საეჭვოა რომ რომელიმე ტიტულთან ისე ახლოს მივიდნენ, როგორც ახლა არიან სუპერ თასის მოპოვებასთან.

ნაპოლი vs ინტერი – კვარაცხელია

ვერ არის ისეთ ფორმაში როგორც წინა სეზონში იყო, რაც ლოგიკურია. აწყობილ გუნდს იდეალურად მოარგო სპალეტიმ, ეტაპობრივად გაუზარდა სათამაშო დრო, ბოლომდე ენდო და ისტორიული ჩემპიონობაც იზეიმეს. ახლა კი სხვა დროა. ახლა კვარა სხვადასხვა მწვრთნელის ხელში ექსპერიმენტის ნაწილია.

მის თავს ბევრი რამ მოხდა, კონტრაქტი უკვე ვახსენეთ, ჯუღელისა და ოსიმენის გადაძახილებიც ვთქვით, მანამდე კი დიდი იმედგაცრუების ამბავი იყო, კვარა არ გააფრთხილეს და სანაკრებო ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

ამ ყველაფრის მერე, მე ის უფრო მაკვირვებს ქვის სროლა რომ არ დაუწყია. ბევრს უძლებს ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი და უნდა იცოდეს რომ ვარსკვლავებად სწორედ ასეთი სიძნელეების გადალახვის შედეგად ყალიბდებიან.

დღეს ხვიჩა შეეცდება კიდევ ერთი ტიტული მოიპოვოს.

ინტერი ფავორიტია

არა მხოლოდ სუპერ თასის ფინალის, ჩემპიონატის ფავორიტიც ინტერია და ვიღაც-ვიღაცები ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებენ, თუმცა, თავიდანვე რთული მეტოქე შეხვდათ.

ნაპოლისა არ იყოს, ინტერმაც მარტივად გაიარა ნახევარფინალი, ლაციო 3:0 დაამარცხეს. სერია ა-ში ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ იუვენტუსს, თუმცა, თამაში აქვთ მარაგში.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე სიმონე ინძაგი ძალიან დიდხანს იყო ძმის ჩრდილში, ახლა კი მისი დროა, ჩრდილიდან გამოვიდა და უტოვებს ისტორიას იმ სახელს, რომელსაც წლების მერე სიამაყით გამოხედავს.

ოღონდ, საკითხავი ეგ არის, ინტერს რამდენ ხანს შემორჩება.

ფავორიტი ინტერია. ფურცელზე ასეა. სპალეტის ნაპოლისაც კი ძალიან უჭირდა ამ გუნდთან თამაში. ნაპოლის შანსი კი კვარაცხელიას მზადყოფნაზე გადის. თუ კვარამ საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, ნაპოლი უშანსოდ იქნება.

აქვე ისიც ვთქვათ რომ ინტერის ვეტერანი ვარსკვლავები მარტში ბათუმს ეწვევიან და საქართველოს ნაკრების ლეგენდებთან ითამაშებენ. იქნება ძანეტი, ფიგუ, მატერაცი და სხვა ვარსკვლავები.

ის ძველი ნაპოლი

ნაპოლის აქამდე ორჯერ აქვს იტალიის სუპერ თასი მოგებული, ორჯერვე იუვენტუსის წინააღმდეგ. ასეთი ტკბილი იყო ორივეჯერ.

პირველად 1990 წელს მოიგეს, რა თქმა უნდა, დიეგო მარადონას კაპიტნობით. ფინალი შედგა სტადიონზე, რომელიც უკვე მის სახელს ატარებს. დიეგო წონაში იყო, უკვე გვარიანად გაბრუებული ნარკოტიკული ნივთიერებებით, მაგრამ მაინც მყარად იდგა და მიუძღვებოდა გუნდს გამარჯვებისკენ, ჰოდა, გადაიმტვრიეს იუვენტუსი. ეს უკვე სხვა იუვეა, მარადონას მთავარი მეტოქე მიშელ პლატინი კაი ხნის წასულია, სამაგიეროდ, ახალი ათიანია მოსული – რობერტო ბაჯო.

ბაჯომ ერთი შეაგდო საპასუხოდ – 5:1 ნაპოლის სასარგებლოდ. ასეთი ამბავი იყო.

მაშინდელი სერია ა დღემდე მიუწვდომელი სიმაღლეა.

მეორედ კი დიდი დრამა იყო, არგენტინული დრამა, იუვედან ტევესმა შეაგდო ორი, ნაპოლიდან გონსალო იგუაინმა. 2:2 ზე თერთმეტმეტრიანები დაინიშნა და ნაპოლიმ 6:5 მოიგო.

ასეთი კლუბისთვის ყველა ტიტული დიდი წარმატებაა.

ინტერს კი შვიდჯერ აქვს ეს თასი მოგებული.

ნაპოლი vs ინტერი – სად ვუყუროთ?

ნაპოლი vs ინტერი – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე