სპორტის კვლევა 2023 – კითხვაზე – რამდენად უყვართ სპორტი საქართველოში, პასუხი ალბათ, ყველას მარტივად მოსდის თავში – უზომოდ! ჰოდა, როგორია სპორტის მოყვარულების გემოვნება, რას ანიჭებენ უპირატესობას მეტად და რას – ნაკლებად, ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.
კვლევა Setanta Sports-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა კი სპორტის ყველა მოყვარულმა მიიღო, განურჩევლად იმისა, არიან თუა რა ისინი setantasports.com-ის გამომწერები და მომხმარებლები.
რომელი ჩემპიონატია ყველაზე პოპულარული
სანამ ქვე-კატეგორიებზე გადავალთ, ხაზგასმით ვთქვათ ის, რაც განცდისა და ინტუიტიური ცოდნის დონეზე ყველამ კარგად უწყის. სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია. გამოკითხულთა 70 % უპირატესობას სწორედ ფეხბურთს ანიჭებს. მე-2 მე-3 ადგილებს თანაბარი მაჩვენებლებით კალათბურთი და რაგბი იყოფენ.
კვარას ეფექტი და სერია A-ს რენესანსი
ცხადია, კვარას ეფექტს უკვალოდ არც აღნიშნულ რეიტინგზე ჩაუვლია. დავიწყოთ ჩემპიონატებით: თუკი 2019 წელს სერია A პოპულარობით პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის შემდეგ მე-4 იყო და მხოლოდ გამოკითხულთა 28 % ადევნებდა თვალს, ახლა იტალიის ელიტური ლიგა მე-2 ადგილზეა, მხოლოდ პრემიერ ლიგას ჩამორჩება და ყურებადობა თითქმის 3-ჯერ აქვს გაზრდილი.
ეს კი 2023 წლის მონაცემებია. ლიდერობას კვლავ პრემიერ ლიგა ინარჩუნებს. ყველაზე დიდი წინსვლა სერია A-მ განიცადა, ვარდნა კი – ლა ლიგამ. ცხადია, იტალიის ჩემპიონატის პოპულარობას ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი განაპირობებს.
- პრემიერ ლიგა – 75 %
- სერია A – 72 %
- ჩემპიონთა ლიგა – 70 %
- ლა ლიგა – 56 %
- ბუნდესლიგა – 24 %
- ლიგა 1 – 12 %
- სხვა – 9 %
რომელ გუნდს ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი
ცხადია კვარას ეფექტმა კიდევ უფრო დიდი გავლენა კონკრეტული გუნდის ცნობადობასა და მისი გულშემატკივრების რაოდენობაზე იქონია. ნაპოლის შესაძლოა, რომელიმე ქართველი გულშემატკივარი მარადონა-კარეკა-ჯიორდანოს ტრიოს დროსაც მოეხიბლა, ან ბევრის სიმპათია ლავეცი-კავანი-ჰამშიკის ან ინსინიე-მერტენსი-კალეხონის ტრიოს დროს დაემსახურებინა.
თუმცა ის რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მიმართ საქართველოში გამოიწვია, ალბათ წლების განმავლობაში ბევრ საფეხბურთო კვლევას თუ ანალიტიკურ ნაშრომს დაამშვენებს.
საინტერესოა, რომ რეიტინგში უდიდესი ნახტომის მიუხედავად, ნაპოლი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებში პირველ ადგილს მაინც ვერ იკავებს.
პირველი კვლავ ბარსელონაა. ბლაუგრანას გამოკითხულთა 22 % ქომაგობს. მართალია ჩავი ერნანდესის გაწვრთნილი გუნდი პირველობას ინარჩუნებს, თუმცა მისი მხარდამჭერთა რაოდენობა 2022 წლის თებერვალთან მიმართებაში შემცირებულია. მაშინ კატალონიურ კლუბს 28 %-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
მეორე ადგილზე 2022 წლის მაჩვენებლებით მადრიდის რეალი იყო. სამეფო კლუბი ახლაც ბარსელონას უახლოესი მდევარია. თუკი ბლანკოსს მაშინ 20 % უჭედა მხარს, ახლა ეს რიცხვი 19 %-ს უტოლდება. თუმცა თუკი მაშინ ბარსასთან ჩამორჩენა 8 % იყო, დღეს ეს რიცხვი 3 %-ს შეადგენს.
მესამე ადგილს ნაპოლი იკავებს. გულშემატკივართა რაოდენობით სხვა კლუბებისგან მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მილანი, იუვენტუსი, არსენალი და ბაიერნი გამოირჩევიან.
საინტერესოა, რომ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები, სხვა ქომაგების მსგავსად, ან უფრო მეტადაც კი, ერთგულებით გამოირჩევიან. მიზეზი თვალსაჩინოა, ცხრილის სათავეში ისეთ გუნდებსაც ვხედავთ, რომელთა ქომაგები, ბოლო წლებში, განსაკუთრებული სპორტული მიღწევებით არ გამოირჩევიან.
- ბარსელონა – 22 %
- მადრიდის რეალი – 19 %
- ნაპოლი – 15 %
- მანჩესტერ იუნაიტედი – 9 %
- ლივერპული – 6 %
- მილანი – 5 %
- იუვენტუსი – 4 %
- არსენალი – 4 %
- ბაიერნი – 3 %
- სხვა – 13 %
რომელ ფეხბურთელს ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი
ხვიჩა კვარაცხელია აქ უკვე ერთპიროვნულად ლიდერობს. ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ლიდერს, ფავორიტ ფეხბურთელად გამოკითხულთა 37 % ასახელებს. მოწინავეთა შორის არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ჯუდ ბელინგემი.
მესისა და რონალდუს შორის სხვაობას, მათ შორის, 1 წლის წინ კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი განაპირობებს. როგორც წესი, ასეთი მასშტაბური ფორუმები და იქ დაფიქსირებული შედეგები, ამა თუ იმ ფეხბურთელის რეიტინგზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
- ხვიჩა კვარაცხელია – 37 %
- ლიონელ მესი – 18 %
- კრიშტიანუ რონალდუ – 9 %
- ჯუდ ბელინგემი – 5 %
- მოჰამედ სალაჰი – 2 %
- ბრუნო ფერნანდეში – 2 %
- ლუკა მოდრიჩი – 2 %
- სხვა – 25 %
კალათბურთის ყველაზე პოპულარული გუნდები და მოთამაშეები
ეროვნული მოტივები კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების პრეფერენციებშიც მკაფიოდ იჭრება, თუმცა აქ კვარაცხელიას მსგავს ეფექტს ნაკლებად ვხედავთ.
ყველაზე პოპულარული ჩემპიონატი NBA-ია. გუნდების პოპულარობის თვალსაზრისით კი პირველობას GSW არავის უთმობს. მეორე ადგილს LAL იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ვირტუს ბოლონიაა, სადაც მოსკოვის ცსკა-ს შემდეგ თორნიკე შენგელიამ კარიერა გააგრძელა.
საინტერესოა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩამონათვალში მე-6 გავიდა. გუნდების სიაში ტოპებში ვერ ვხედავთ სანდრო მამუკელაშვილის მილუოქი ბაქსს, სამაგიეროდ მე-5 ადგილზეა ორლანდო მეჯიქი, სადაც გოგა ბითაძე თამაშობს.
- გოლდენ სტეიტ უორიორზი – 26 %
- ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 17 %
- ვირტუს ბოლონია – 8 %
- მადრიდის რეალი – 6 %
- ორლანდო მეჯიქი – 5 %
- საქართველოს ნაკრები – 4 %
- სხვა – 33 %
საქართველოს ნაკრების კაპიტანი საქართველოში ნომერ მეორე ყველაზე პოპულარული კალათბურთელია. თოკო შენგელია ლებრონ ჯეიმსს უსწრებს, თუმცა პირველობას სტეფ კარი ინარჩუნებს.
საინტერესოა, რომ სიაში ვერ ვხედავთ ნიკოლა იოკიჩს, სამაგიეროდ ქართველი ქომაგების სიმპათიას იმსახურებს ლუკა დონჩიჩი, მათ შორის, სანდრო მამუკელაშვილზე უფრო მეტსაც კი.
- სტეფ კარი – 29 %
- თორნიკე შენგელია – 19 %
- ლებრონ ჯეიმსი – 12 %
- გოგა ბითაძე – 9 %
- ლუკა დონჩიჩი – 8 %
- სანდრო მამუკელაშვილი – 3 %
- სხვა – 20 %
ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელი საქართველოში
ჩოგბურთის მოყვარულთა შორის 2021 წლის გამოკითხვის მიხედვით პირველ ადგილზე 28 %-იანი შედეგით ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო. სერბს ნიკა ბასილაშვილი, რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი მოსდევდნენ.
ორი წლის შემდეგ პირველობას კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ინარჩუნებს, თუმცა სერბის რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია. ნოლე გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, 45 %-მა დაასახელა ფავორიტ ჩოგბურთელად
ცხადია, ამ ნაწილში შედეგებზე გავლენა, ჯოკოვიჩის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშის გარდა, რაფა ნადალის ტრავმიანობამ, ბასილაშვილის კარიერაში სტაგნაციამ და რეგრესმა და ფედერერის აქტიური ჩოგბურთიდან წასვლამ იქონია.
ახლანდელ ტოპ 6-ში კარლოს ალკარასი და იანიკ სინერიც გამოჩდნენ.
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 45 %
- რაფაელ ნადალი – 18 %
- კარლოს ალკარასი – 15 %
- როჯერ ფედერერი – 6 %
- ნიკოლოზ ბასილაშვილი – 5 %
- იანიკ სინერი – 3 %
- სხვა – 8 %
MMA/UFC-ის ყველაზე პოპულარული მებრძოლი საქართველოში
UFC-ში ქართული დომინაცია თვალსაჩინოა. MMA-ის ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლების წარმატებული გამოსვლა მათ რეიტინგზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
კოლექტიურად ქართველების ქომაგობის პარალელურად ილია თოფურიას პერსონალური რეიტინგი მკვეთრადაა გაზრდილი. ამაზე გავლენა ილიას წარმატებულ სერიას და მის საჩემპიონო შანსს უნდა ჰქონდეს. თოფურია ვოლკანოვსკის ბრძოლა 18 თებერვალს ანაჰაიმში შედგება და მისი ნახვა მაყურებელს setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება.
საგრძნობი ვარდნა აქვს გიგა ჭიკაძეს. ქართველ მებრძოლს დროის ამ პერიოდში, კელვინ კატართან მარცხის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და რეიტინგშიც დაქვეითდა.
2 წლის წინ რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: გიგა ჭიკაძე 23%, მერაბ დვალიშვილი 23%, ილია თოფურია 22%, კონორ მაკგრეგორი 7%, ისრაელ ადესანია 7%.
2023 წლის მონაცემებით კი რეიტინგი შემდეგნაირია:
- ილია თოფურია – 36 %
- ქართველი მებრძოლები – 32 %
- მერაბ დვალიშვილი – 18 %
- სხვა – 14 %
Formula 1-ის რეიტინგი საქართველოში
რაც შეეხება Formula 1-ს, საქართველოში გულშემატკივრების პრეფერენციები, ორი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. ჰამილტონი, ფერსტაპენი და ლეკლერი – სამეული ქართველ გულშემატკივრებში იდენტური თანმიმდევრობით ლიდერობს.
საინტერესოა, რომ ტრეკზე ფერსტაპენის დომინაციის მიუხედავად პირველი კვლავ ჰამილტონია. სიაში მოწინავე პოზიციებს დაუბრუნდა F1-ში დაბრუნებული ფერნანდო ალონსოც.
- ლუის ჰამილტონი – 37 %
- მაქს ფერსტაპენი – 24 %
- შარლ ლეკლერი – 17 %
- ფერნანდო ალონსო – 6 %
- სხვა – 17 %
2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი
2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის გამოკითხვის შედეგებში მოულოდნელი არაფერია. ხვიჩა კვარაცხელია აქაც დიდი უპირატესობით ლიდერობს. თუმცა განმარტების ნაწილში, ისიც უნდა ითქვას, რომ კვარას საუცხოო წელსა და მის ზღაპრულ შედეგებს ისიც ემატება, რომ რაოდენობრივად, სპორტის სხვა სახეობის ქომაგებს, ფეხბურთის გულშემატკივრები სჭარბობდნენ.
საინტერესოა მიმდინარე წლის შედეგების შედარება 2021 წლის მაჩვენებლებთან. 2021 წლის რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: ლაშა ტალახაძე 61%, ლაშა ბექაური 12%, ხვიჩა კვარაცხელია 9%, ლაშა შავდათუაშვილი 9%, სხვა 9%.
- ხვიჩა კვარაცხელია – 68 %
- ლაშა ტალახაძე – 17 %
- ტატო გრიგალაშვილი – 3 %
- გიორგი მამარდაშვილი 2 %
- სანდრო ბაზაძე – 2 %
- სხვა – 9 %
კვლევის შედეგების გადააზრება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სპორტული საქართველო არც გემოვნებაში მოიკოჭლებს და არც ეროვნულ მოტივებზე ქომაგობაში.