რუდი გარსიას გილიოტინა

დგება ასეთი დღეებიც, შუაგულ მოედანზე გილიოტინას შემოაგორებენ ხოლმე, ძალიან რთული პროფესიის კაცი აჰყავთ და თავს აკარგვინებენ. ხალხი ხარობს. სტადიონი ანტიკური ტაძარია სადაც თანდაყოლილი ცხოველური ინსტიქტი იღვიძებს და ერთიანად ითხოვს ან გაღმერთებას, ან მიწაზე დანარცხებას.

შუალედი არ უყვარს სტადიონს, შუალედი მოსაწყენია.

გილიოტინა კი იშვიათად შემოგორდება, რადგან ტრიუმფატორი იშვიათად ტოვებს ტახტს, მაგრამ როცა ტოვებს, მაშინ გამოაჩენენ წამიერი ელვარების მანქანას. ასეთ მოცემულობაში მემკვიდრე ყოველთვის განწირულია.

რუდი გარსიას ამბავი

სპალეტი წავიდა, გაისმა შემცვლელთა გვარები და რომ ვთქვა რომელიმემ განსაკუთრებით მომხიბლა-მეთქი მოვიტყუები. ამოცანა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული იქნებოდა. რუდი გარსიას დანიშვნას ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდა უკმაყოფილო, ჯერ დანიშნული არ ყოფილა უკვე რაღაც ცუდს ელოდნენ, იქაც და აქაც. ასეთი სასოწარკვეთილი, ავისმომასწავებელი სტატუსიც კი შემომხვდა – დავიღუპეთ!

გარსიას არ აქვს იმის ძალა ვინმე ან რამე დაღუპოს, საკუთარი თავის გარდა. ახლა მას ცეცხლი უკიდია და კარგი იქნება თუ ხომალდიდან წყალში გადააგდებენ, ამით მასაც უშველიან და ხომალდიც გადარჩება. იქნებ ვინმეს ისიც სურდეს ძირს გაიფინოს და იმდენი ურტყას სანამ ბოლომდე არ ჩააქრობს მის სხეულზე მოდებულ ალს, მაგრამ.. წყალი ჯობია, გადაგდება ჯობია.

გარსიას დანიშვნის დღეს ჩემს წინ ერთი გამოცდილი კაცი იჯდა, ბურთიც ძალიან მაღალ დონეზე გაუგორებია და მწვრთნელობასაც შეჭიდებია, ჰოდა, ამ შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან, ვკითხე გარსიაზე რას ფიქრობ-მეთქი?

პასუხი იყო კოლეგიალური – ხომ იცი მანდ ცუდს არ დანიშნავდნენო.

ასეა, სერია ა-ში სხვასთან შეადარებით თუ დაამცრობ, თორემ ცუდს ვინ მიიყვანს?! თუმცა, საქმე ცუდში და კარგში არ არის. საქმე მოცემულობაშია, რომელიც გილიოტინასკენ მიმავალ გზას წააგავს. ამ გზაზე კი ძალიან ცოტას გაუვლია სიდნი კარტონივით ღირსეულად და ამაყად, როგორც წესი, კანკალით მიუყვებიან და თავ-ბედს იწყევლიან, აქ როგორ ამოვყავი ის თავი, რომელიც სულ მცირე ხანში ტანს მოსწყდება და გაგორდებაო.

იშვიათად იქმნება ასეთი მოცემულობა, მაგრამ იქმნება და ყოველ ჯერზე საინტერესოა.

როცა ტრიუმფატორი მიდის

სანამ დროა, სანამ მწვერვალზე ხარ უნდა წახვიდე და მაშინ დარჩები. ყველაზე ზუსტი დროა წასასვლელად, არადა, ყველაზე რთულია ამ დროს წასვლა. სპალეტიმ ეს შეძლო. უკვდავჰყო თავისი გამარჯვება. ისედაც შევიდოდა ისტორიაში, თავისი გზა ოქროდ აქცია და სისხლისა არ იყოს, ოქროსაც კარგად ინახავს ისტორია, ზუსტ დროს წასვლით კი სულ სხვა სიმყარე შესძინა თავის მემკვიდრეობას.

ამ დროს მემკვიდრე განწირულია.

ყველა მწვრთნელს, (სერია ა-ს დონის მწვრთნელს) თავისი ხედვა და სტილი აქვს, თავისი ფილოსოფია და მეთოდოლოგია, სხვისი დანერგილი მეთოდოლოგიით ვერავინ იმუშავებს, კისერს წაიტეხავს, ამიტომ, აწყობილ გუნდში მისვლას ერთი რთული დილემა ახლავს თან – ან უარი უნდა თქვა საკუთარ იდეებზე, საკუთარ ხედვაზე, (რაც, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დაგღუპავს) ან, აწყობილის დეკონსტრუქცია უნდა დაიწყო, რაც ასევე დაგღუპავს, ამას უბრალოდ არ გაპატიებენ. ვერაფერს იზამ, მხოლოდ ორი გზა გაქვს და ორივე გზაზე განწირული ხარ.

ამ მოცემულობას ჰქვია საფეხბურთო გილიოტინა – გინდა თუ არა, თავი სადღაც ცალკე გაგორდება. თანაც, ძალიან სწრაფად, ისე სწრაფად რომ აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებ.

მაგალითად, ბენიტესმა ჭკუა ვერ ისწავლა, ორჯერ სცადა აწყობილის დეკონსტრუქცია, ჯერ ჟოზეს აწყობილი და გამარჯვებული ინტერი ჩაიბარა, სადაც მალევე აუმხედრდნენ ფეხბურთელებიც და მორატიც, მერე ანჩელოტის აწყობილი და გამარჯვებული რეალი გადაიბარა, სადაც ასევე დაასრულა კარიერა – ჯერ ფეხბურთელებმა აიმაღლეს ხმა, მერე კი პერესმა დასვა წერტილი.

არადა, ბენიტესი სხვაგვარად ვერ იმუშავებდა, ყოველთვის თავისი გამოკვეთილი ხელწერა ჰქონდა. იცოდა კიდეც რომ ურთულეს დავალებაზე მიდიოდა, მაგრამ რთულია უარი თქვა მაშინ, როცა მადრიდის რეალი გირეკავს, მწვრთნელობას გთავაზობს და ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი გელის.

კარგი სატყუარაა.

ბევრის გახსენება შეიძლება კიდევ, მაგრამ ყველაზე დიდი კაცი მახსენდება..

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც უკვე ყველა დროის საუკეთესოთა ფერხულშია ჩაბმული და ვიღაცისთვის, შესაძლოა არის კიდეც ყველა დროის საუკეთესო. ერთი დიდი შეცდომა დაუშვა ამ კაცმა, კოლეგის შესაძლებლობები კარგად ვერ შეაფასა, იქამდე გააფორმა ბაიერნთან კონტრაქტი სანამ სეზონი დასრულდებოდა, ჯერ ერთი ძალიან შეურაცხმყოფელი გამოდგა კოლეგისთვის, მერე კიდევ ამ კოლეგამ ყველაფერი მოიგო და მწვერვალზე მყოფი წავიდა.

წავიდა რა.. გაუშვეს.

თვით გვარდიოლაც კი ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შუა სეზონში ვერ დაიჯერა რომ ეს კაცი ყველაფერს მოიგებდა. ამის მერე, მაქსიმუმ რაც შეეძლო მისი წარმატების გამეორება იყო, მასზე მაღლა უკვე ვეღარ დადგებოდა, თავიდანვე განწირული ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, უდიდესი პატივისცემა მოიპოვა ჰიონესისა და რუმინიგეს მხრიდან, (რაც ურთულესი საქმეა) მაინც ვერ შეიყვარეს ფანებმა ისე, როგორც ბარსელონაში, ან სიტიში. რატომ? იმიტომ, რომ ჰაინკესის მანქანის დეკონსტრიქცია დაიწყო. ეს მანქანა კი გამარჯვებული იყო.

თუ არსებობს მოცემულობა, რომელსაც პეპ გვარდიოლაც ვერ უმკლავდება, ესე იგი, არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ამას მოახერხებს.

აღარაფერს ვამბობ ფერგიუსონის მემკვიდრეზე, სადაც დამატებით სულ სხვა ფაქტორები იჩენს თავს, ფერგიუსონი წლების მანძილზე თავად იქცა ინსტიტუციად, ყველაფერი მასზე იყო მორგებული, მისი წასვლით მთელი სისტემა ჩამოიშალა, მან რეალურად არა მემკვიდრე, არამედ ვაცი შეარჩია. თავიდანვე განწირული განტევების ვაცი. ან, განტევების თხა, როგორც ის გურული კაცი იტყოდა.

ნაპოლიში დატრიალებულ ამბავზე კი ვილაშ-ბოაშიც მახსენდება, ჩელსიში მისული ბოაში. ტერი, ლამპარდი და დროგბა გაანაწყენა. დინების საწინააღმდეგოდ დაიწყო ცურვა, კლუბის ლიდერებთან თუ საქმე ვერ დაალაგე წასვლა მოგიწევს. არავის უღირს ახალი კაცის ბოლომდე დატოვება და ვარსკვლავების გაშვება.

მოკლედ, მიდის გარსია გილიოტინამდე.

ერთგვარი ხიდის როლი უნდა შეასრულოს, მხოლოდ იმისთვის არის საჭირო რომ დეკონსტრუქციის პირველმა ტალღამ, გარდაუვალმა ტალღამ გადაიაროს, წალეკოს ყველაფერი და ამ დაქცეულზე მოვიდეს ახალი მწვრთნელი, რომელსაც მეტ დროს მისცემენ და გაცილებით დიდი სიმშვიდეც ექნება, რადგან ის მოვა არა სპალეტის მემკვიდრედ, არამედ გარსიას გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად.

ამ მოცემულობის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის – ლაურენტისმა, გარსიამ, ფეხბურთელებმა, სპალეტიმ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს.

ძველი კინო

როგორც წესი, შედარებით მარტივი გამოსავალი იმ კაცის დატოვებაა, რომელიც კლუბშია უკვე დიდი ხანია და იმ დიდი წარმატების ნაწილი ხდება. ასეთ დროს ასისტენტს ტოვებენ მთავარ მწვრთნელად, ის აგრძელებს დაწყებულ საქმეს, რადგან თანხვედრაშია არსებულ მეთოდოლოგიასთან, შესაძლოა, რაღაც შეცვალოს კიდეც, მაგრამ მხლოდ მცირედით.

ფეხბურთელებიც კარგად უგებენ, მოგეხსენებათ სამწვრთნელო პროცესს ასეთ დონეზე მეტწილად ასისტენტები წარმართავენ, მთავარი მწვრთნელები უბრალოდ უყურებენ პროცესს და იშვიათად ერევიან საქმეში, მხოლოდ მაშინ თუ მის მეთოდოლოგიას ვინმე გადაუხვევს.  დაუძახებენ თავიანთ ვარსკვლავებს, გაიყვანენ გვერდზე და გარკვეულ რჩევებს აძლევენ.

სპალეტის კი არ ჰყავდა ისეთი ასისტენტი რომ მთავარ მწვრთნელად დაეტოვებინათ, მხოლოდ თანაზიარობა გამარჯვებაში საკმარისი არ არის, ავტორიტეტიც გჭირდება.

ამიტომ, ეს ერთი შანსი გადარჩენისა უკვე ხელიდან არის გაშვებული.

ახლა კი ბევრად მარტივად იქნება საქმე, ვნახავთ იმას, რაც უკვე ნანახი გვაქვს. ამ სცენარის მიხედვით კი გარსიასგან გათავისუფლებულ ფეხბურთელებს მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნათ, ფრთა უნდა შეესხათ, უნდა გაფრინდნენ! როგორც ბოაშისგან გათავისუფლებული ბიჭები გაფრინდნენ.

უკვე ნანახი კინოა, მაგრამ ყოველ ჯერზე საინტერესოა.

თავდაპირველად კი წერტილს ველით, ფრანგულ წერტილს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე