დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები განუყოფელი ცნებებია. 105 წლის განმავლობაში სპორტი არაერთგზის ყოფილა დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და გამარჯვების შეგრძნების ის აუცილებელი საზრდო, რომელიც ერი-სახელმწიფოს ჰაერივით სჭირდება.
26 მაისი – 105 წელის საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან
რა არის დამოუკიდებლობა? კითხვა შეიძლება სკოლის მოსწავლისთვის შესაფერისად ჟღერდეს, თუმცა მისი მნიშვნელობა, ფორმას ცალსახად აღემატება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს წინაშე კვლავ ბევრი გამოწვევაა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
იცავდე საქართველოს ღირსებას და იყო მისი წარმომადგენელი – საპატიოა. აფრიალებდე საქართველოს დროშას მაღლა და სხვა ხალხთა შორის, შენი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებდე მსოფლიოს გასაგონად შესაძლებლობაა, რომელიც სპორტსმენების გზას ბევრისთვის საოცნებოდ ხდის.
იდენტობა, ისტორია, ფასეულობები – როდესაც მსოფლიოს შენს კულტურას წარუდგენ უდიდესი ბედნიერებაა. თუმცა ამ საპატიო რიტუალს აუცილებელი რამ სჭირდება: წარმოადგენდე დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას და მის ჰერალდიკას.
და მაინც, რა არის დამოუკიდებლობა? კითხვა ქართველ სპორტსმენებს დავუსვით. ცხადია, მათი ნააზრევის მოსმენა საინტერესოა.
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – ბუდუ ზივზივაძე
ჩემთვის დამოუკიდებლობა თავისუფლებაა, დამოუკიდებელი ინდივიდებისაგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა, რომელიც არ უხვევს თავისუფლების გზიდან.
დროშა, ჰიმნი ნიშნავს – პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, რომლის სახელიც ღირსებით უნდა ატარო, დაიცვა და წარმოაჩინო საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემი აზრით, საქართველოს განვითარება და პროგრესი შეუძლებელია ევროპისა და იმ ღირებულებების გარეშე, რომელზეც დგას ევროპული საზოგადოება. შესაბამისად სპორტისთვის და ნებისმიერი სფეროს წარმატებაში ევროპული და დასავლური მიმართულება უმნიშვლეოვანესია.
ჩემთვის, პირადად, როგორც ქართველი სპორტსმენისთვის, რომელიც ევროპაში თამაშობს, ევროპა აღმოჩნდა ადგილი, სადაც შევძელი ჩემი შესაძლებლობების და ნიჭის მაქსიმალური გამოვლენა, რომელიც ვგრძნობ რომ შესაბამისად ფასდება.
ბუდუ ზივზივაძე
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – მერაბ დვალიშვილი
დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია ნებისმიერი ადამიანისა და ქვეყნისთვის.
საქართველოს დროშით გამოსვლა საამაყოა. წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ლამაზ, დამოუკიდებელ, დიდი ისტორიის კულტურულ ქვეყანას.
ჩვენ დამოუკიდებელი და ევროპელი ხალხი ვართ. ეს კი ღირსეულად უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ.
მერაბ დვალიშვილი
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – გიგა ჭიკაძე
დამოუკიდებლობა შეუცვლელია რამაა. თავისუფალი აზროვნებისა და გადაწყვეტილების შეგრძნებაა.
როდესაც ოქტაგონზე გავდივარ საქართველოს დროშით, მგონია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემს ქვეყანას. ამ თავისუფლებაში კი ვიღაც ყოველთვის გვეცილება.
მგონია, რომ იქ გატარებული თითოეული წამი და წუთი ამ თავისუფლების მიღწევაში ჩემს ქვეყანას დაეხმარება.
ევროპული გზა უმნიშვნელოვანესია, რადგან დღესაც კი, ბევრი, სხვადასხვა ძალა ცდილობს, რომ დამოუკიდებლობაში ხელი შეგვიშალოს. ეს ერთადერთი სწორი გზაა.
გიგა ჭიკაძე
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – გენო პეტრიაშვილი
დამოუკიდებლობა თავისუფლებაა. ეს კი საქართველოსთვის უმთავრესი გამარჯვება და უმთავრესი მონაპოვარია. მადლობა ჩვენს გმირებსა და წინაპრებს, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ის ჰაერივით გვჭირდება.
წარმოვადგინო დროშა და ჰიმნი – ამაღლებული შეგრძნებაა. წარმოუდგენელია, საერთაშორისო ასპარეზზე მათ გარეშე გამოვიდე. უმთავრესი მოტივაციაა, დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება.
ამაყი ვარ, როდესაც ქართველი სპორტსმენები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია.
გენო პეტრიაშვილი
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – ირმა ხეცურიანი
დამოუკიდებლობა თავისუფლება და დიდი პასუხისმგებლობაა. თავისუფლება რომელიც მაძლევს საშუალებას გამოვხატო საკუთარი თავი და შესაძლებლობები. გავხდე უფრო ძლიერი, თუმცა ამავდროულად არ უნდა დამავიწყდეს ჩემივე ღირებულებები.
დამოუკიდებლობა ნიშნავს იამაყო საკუთარი თავით და აგრეთვე შეგეძლოს აღიარება, რომ ამ სიამაყეში მარტო არ ხარ და სხვებიც გჭირდება. ის დიდი განძია, რომელიც თუ გაქვს აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე.
დროშა, ჰიმნი, საქართველოს სახელით გამოსვლა გულისხმობს უდიდეს სიამაყეს, მომავლის რწმენას, პასუხისმგებლობასა და შენი ქვეყნის სიყვარულს.
მნიშვნელოვანია თავისუფალი აზრი, დამოუკიდებლად არსებობა. არანაკლები ღირებულებები გვაქვს ჩვენ საქართვრლოს და ქართველებს, თუმცა ერის და კულტურის ზრდა და განვითარება სადაც ჩანს ყველაზე კარგად, ის გარემოა ყოველთვოს სასურველი და მისაღები.
ირმა ხეცურიანი
დამოუკიდებლობა და ქართველი სპორტსმენები – სანდრო ბაზაძე
დამოუკიდებლობის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს შვილი მქვია.
ულამაზესი ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩვენი დროშის ქვეშ გამოსვლა თითოეული სპორტსმენისთვის უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელია. მაღალი რანგის ტურნირების მოგებისა და საქართველოს ჰიმნის აჟღერების შემდეგ, სიამაყისა და თავდაჯერების უდიდესი გრძნობით ვივსები ხოლმე.
ფასეულობებით, სილამაზითა და ხალხით საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ.
სანდრო ბაზაძე
მართლაც, აბა რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმას, რომ თავისუფალ გარემოში განვითარების მეტი შანსია. დასავლური ცივილიზაციის წიაღში, ქართული სპორტის წარმატებაც უფრო საზეიმო და საპატიოა.
მიზეზი მარტივია, იქ სადაც თავისუფალი ცივილიზაციაა, სპორტის საუკეთესო დიდოსტატებიც იკრიბებიან, ამიტომაც, უმაღლეს დონეზე წარმატება სხვაგვარად ფასობს და ქომაგისთვისაც სხვაგვარად ფასობს.