Setanta Sports-ი BigData UA Awards-ის გამარჯვებულია. უკრაინაში OTT და IPTV პლატფორმების ყოველწლიურ, მე-6 პრესტიჟულ დაჯილდოებაზე Setanta Sports-ი, სპორტის კატეგორიაში 2022 წლის საუკეთესო ტელევიზიად დაასახელეს.
Big Data UA ინოვაციური კომპანიაა, რომელიც უკრაინაში მაღალი ხარისხის კონტენტის მქონე OTT და IPTV პლატფორმებს მონიტორინგს უწევს და რეიტინგებს ზომავს. გამარჯვებულიც შესაბამის კატეგორიაში მაყურებელთა რაოდენობით ვლინდება.
აღიარებას საპატიოს უწოდებს Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. ბაჩა მალაზონიას თქმით, პრესტიჟული ჯილდოს მიღება, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ორმაგად საპასუხისმგებლოა.
„BigData UA Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენი კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება.
ორმაგად სასიამოვნოა აღიარება, იმ გამოწვევებით სავსე პირობებში, რომელთან გამკლავებაც მთლიანად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყოველდღიურად უხდება. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა უკრაინელ თანამშრომელს, სამუშაოს მაღალ დონეზე და პროფესიონალურად შესრულებისთვის. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ არხი წარმატებული და პოპულარული იყოს.
ეს აღიარება დამატებითი სტიმული იქნება, რომ გავაგრძელოთ უკრაინის ბაზარზე, ჩვენი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის კონტენტის შეთავაზება“.
ბაჩა მალაზონია – Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა BigData UA Awards-ის დამფუძნებელმაც. სერჰიი ბოიკოს თქმით, Setanta Sports-ის გუნდის მიერ შექმნილი კონტენტის მაღალი ხარისხის გამო, გამარჯვება ლოგიკურია.
„Setanta Sports-ის მიერ მოპოვებული მეორე გამარჯვება, ცხადჰყოფს, რომ მისი არხები იყო და არის პოპულარული სპორტის მოყვარულთა შორის, მთელი უკრაინის მასშტაბით.
ფაქტი, რომ Setanta Sports-ი ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული გახდა და გადაასწრო Eurosport-ის არხს, ეს მაყურებელთა მხრიდან მთელი გუნდის აღიარებაა, რომელიც ქმნის მსოფლიო დონის ხარისხის კონტენტს.
ვულოცავ, ჩემს კოლეგებს ამ გამარჯვებას და ვიმედოვნებ, რომ ხარისხის მაღალი თამასა არც მომავალს სეზონში დაეცემა და Setanta Sports-ს მომავალშიც ვიხილავთ დაჯილდოების ლაურეატებს შორის“.
სერჰიი ბოიკო – BigData UA Awards-ის დამფუძნებელი
პრესტიჟულ უკრაინულ დაჯილდოებაზე ეს Setanta Sports-ის მეორე აღიარებაა. პირველად, 2019 წელს ჩვენმა გუნდმა წლის სადებიუტო პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა, დაჯილდოება კი პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა.