სეზონის საუკეთესო TOP 20 ფეხბურთელი

სეზონის TOP 20 ფეხბურთელი Setanta Sports-ის ვერსიით | Setanta Sports

Setanta Sports-ი და მისი გუნდი სეზონის შეჯამებას იწყებს. სეზონის საუკეთესო TOP 20 ფეხბურთელი, საუკეთესო ტრანსფერების 10-ეული, TOP 10 გოლი და სეზონის გამორჩეული 5 მატჩი – ამ ყველაფერს ჩვენი მკითხველი და მაყურებელი მალე იხილავს.

Setanta Sports-ი არხებით და პლათფორმით setantasports.com ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში მაუწყებლობს. ჩვენმა გუნდმა თითოეული მიმართულებით საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. შედეგები კი ასე გამოიყურება.

TOP 20 ფეხბურთელი 2022-23

ამ გამხსნელ სტატიაში მე-20-დან მე-6 ადგილის ჩათვლით თითოეულ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ. პირველ ხუთეულს კი მოგვიანებით, თანდათან გამოვაქვეყნებთ.

შედეგები მოიცავს 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს. გათვალისწინებულია, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე ნაჩვენები შედეგები.

გავლენა, როლი, გუნდური და ინდივიდუალური შედეგები და ცხადია, სირთულე იმ დონის, სადაც ამა თუ იმ ფეხბურთელმა ეს შედეგი აჩვენა. მაშ ასე, დავიწყოთ.

20. კიმ მინ ჯე

კიმ მინ ჯემ ნაპოლისთან ერთად სერია A-ს ჩემპიონობა მოიგო. სამხრეთ კორეელი მცველი იტალიაში, ფენერბაჰჩედან აღმოჩნდა. ტოპ დონეზე ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ცენტრალურმა მცველმა თავი დიდებულად წარმოაჩინა. იტალიის ჩემპიონების დაცვის ხაზის ლიდერმა ნაპოლის წარმატებულ სეზონში დიდი წვლილი შეიტანა.

სერია A-მ კიმი სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელა. ამხელა აღიარებას კი დამატებით ელფერს ის ფაქტი სძენს, რომ ევროპაში მან მხოლოდ მეორე სეზონი ჩაატარა.

ახლა კი მისი სამსახურით მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულად არიან დაინტერესებული.

19. ბუკაიო საკა

ჩვენს სიაში მომდევნო ადგილი ბუკაიო საკამ დაიკავა. მართალია არსენალი, სიახლოვის მიუხედავად, პრემიერ ლიგის ტიტულს ვერ დაეუფლა, თუმცა ინგლისელი ფლანგელს მაინც გამორჩეული სეზონი ჰქონდა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში საკას 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ის მიკელ არტეტას გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

18. რონალდ არაუხო

მართალია რონალდ არაუხომ სეზონში, ყველა ტურნირზე მხოლოდ 29 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ის მუდმივად მინდორზე განსხვავებას მუდმივად აჩვენებდა. მას ხელი ორმა ტრავმამ შეუშალა, რომელიც სეზონის შუა და დასკვნით ნაწილში მიიღო.

სხვა სტატისტიკასთან ერთად მოგებული ორთაბრძოლების 94%-იანი მაჩვენებელი ურუგვაელ ცენტრალურ მცველს სეზონში ერთ-ერთ გამორჩეულად აქცევს.

17. ნიკოლო ბარელა

ნიკოლო ბარელამ 2022-23 წლების სეზონში ინტერთან ერთად კოპა იტალია და სუპერ კოპა იტალიანა მოიგო. გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მანჩესტერ სიტის ფაქტობრივად არაფერი დაუთმო და ტრიუმფამდე ცოტა დააკლდა.

სიმონე ინძაგის გუნდის ტაქტიკაში ბარელას საკვანძო როლი აქვს. იტალიის ნაკრების საყრდენმა მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და საუკეთესო 20 ფეხბურთელშიც დამსახურებულად მოხვდა.

ბარელა სერია A-ს სეზონის გუნდში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა და სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

16. მარკ ანდრე ტერ შტეგენი

ბარსელონამ ლა ლიგაში ოქროს მედლები დაიბრუნა. ტერ შტეგენი კი ჩავის ამ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

გერმანიის ნაკრების მეკარემ ლა ლიგის MVP-ის ჯილდო სამართლიანად დაიმსახურა. სეზონის საუკეთესო მოთამაშემ 38 ტურიდან 26-ში კარი მშრალად შეინახა და ჯამში მხოლოდ 18 გოლი გაუშვა.

15. ლაუტარო მარტინესი

სერია A-ში ლაუტარო სეზონის საუკეთესო გუნდსა და 15 ფეხბურთელში, სათადარიგოთა შორის მოხვდა.

მსოფლიოს არგენტინელმა ჩემპიონმა სეზონში 57 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 28 გოლი და 11 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ლაუტარომ მუნდიალზე ხორვატიასთან მატჩის გარდა მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო.

მას ჰქონდა შანსი გამხდარიყო ბოლო ფეხბურთელი, ვისაც ერთ სეზონში მუნდიალიც და ლიგაც მოგებული აქვს, თუმცა სტამბოლში მარცხმა მას ამ უნიკალური მიღწევის საშუალება არ მისცა.

14. ჯუდ ბელინგემი

ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დორტმუნდის ბორუსიას მეორე ვიცე კაპიტანი და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი, არაერთი მიღწევის ავტორი გახდა.

მისდა სამწუხაროდ, დორტმუნდმა ცხრილის ლიდერობა სამჯერ დაკარგა, ბოლო ტურში კი მაინცთან მოუგებელმა შეხვედრამ მაისტერშალე საბოლოოდ დააკარგვინა, თუმცა თავად ბელინგემს გასაოცარი სეზონი ჰქონდა.

ბელინგემმა ყველა ტურნირზე 42 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველი მომდევნო სეზონიდან მადრიდის რეალისთვის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

13. როდრი

„ეს სიზმარია, ეს მომენტი აღარასდროს განმეორდება“, – თქვა სტამბოლის ფინალის შემდეგ ერთადერთი გოლის ავტორმა.

მართალია ჩემპიონთა ლიგაზე როდრის სადებიუტო გოლის გასატანად 44 მატჩი დასჭირდა, თუმცა ეს ბაიერნთან მან ულამაზეს სტილში გააკეთა.

ესპანელმა ეს არ იკმარა და მანჩესტერ სიტის ისტორიაში წარუშლელი ადგილი დაიკავა. ფინალში, ინტერის წინააღმდეგ გატანილი გოლით მან ქალაქელთა ისტორიის წიგნში ახალი და უპირობოდ, უმნიშვნელოვანესი თავი დაწერა.

UEFA-მ ის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

12. რობერტ ლევანდოვსკი

არ არის ლევანდოვსკი? რა პრობლემაა – ამბობდნენ მიუნხენის ბაიერნის შეფასებისას ამ სეზონში, თუმცა სადაც 34 წლის პოლონელი მივიდა, საკუთარი ხელი მან იქ დაამჩნია.

თორიაგერკანონეებით ხელდამშვენებული ლევანდოვსკი სეზონის სტარტზე ბარსელონაში გადაბარგდა. დასძინა, აქედან ოქროს ბურთის მოგება უფრო მარტივიაო.

ოქროს ბურთი ვერ, თუმცა ლა ლიგის ოქროს მედალი მოიგო. ლევანგოლსკიმ ყველა ტურნირზე 46 თამაში ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და თანაგუნდელებს 8 – გაატანინა.

ბარსელონას სეზონის საუკეთესო ტრანსფერმა პიჩიჩის ჯილდოც მიიღო. 23 გოლით მან 1-ლი ადგილი დაიკავა და ქარიმ ბენზემას 4 გოლით აჯობა.

11. ილქაი გიუნდოგანი

პეპ გვარდიოლას მიერ კვლავ ამოყირავებული საფეხბურთო პირამიდა ხომ ყველას ხიბლავს. ყოვლისმომცველი, შემტევი ფეხბურთი და წინა ხაზზე განლაგებული კვინტეტი. ამ სქემაში ილქაი გიუნდოგანი როლი შეუცვლელია.

51 მატჩი, 11 გოლი და 7 ასისტი – ეს გერმანელის სტატისტიკაა, თუმცა მისი გავლენა ბევრად მეტია ვიდრე რიცხვები.

თუკი გუნდოგანის სითბურ რუკას ვნახავთ, სიტყვები, ყველგან და ყოველთვის ალბათ, პირველნი მოვლენ თავში.

32 წლის კაპიტანი ტრებლის მოგების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ეტიჰადზე მისი შენარჩუნება სურთ, თუმცა გერმანელის მიმართ ინტერესს ბარსელონა, არსენალი და საუდის არაბული გუნდებიც იჩენენ.

ილქაი გიუნდოგანის სითბური რუკა | Setanta Sports

10. ანტუან გრიზმანი

ანტუან გრიზმანმა სეზონი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ლა ლიგის მესამეადგილოსნის რანგში დაასრულა.

ფრანგ შემტევს ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჰქონდა. 48 მატჩში 16 გოლთან ერთად 19 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.

გრიზმანი ნაკრებსა და გრიზმანი კლუბში – განსხვავებული როლებით, თუმცა ორივეგან მაღალ დონეზე. ეს ფრანგის წლის შეჯამებაა.

კატარში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ ტურნირზე, ხოლო კლუბში ლეგენდარული ლუის არაგონესის, კლუბის ყველა დროის 172-გოლიან რეკორდს უახლოვდება. ანტუანის ანგარიშზე 157 მადრიდული გოლია.

9. მარტინ ოდეგორი

ნორვეგიელი ნახევარმცველი არსენალის ლიდერად ჩამოყალიბდა. ოდეგორმა სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, აქედან 37 პრემიერ ლიგაში. ოს დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა – ოდეგორმა პრემიერ ლიგამ ამ სტატისტიკით დახურა. თუმცა რიცხვებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ტემპის კონტროლი და მიმდინარეობის კარნახია.

რაც შეეხება ნაკრებს, მართალია ნორვეგია ვერ ბრწყინავს, თუმცა ოდეგორი ინდივიდუალურად აქაც საკმაოდ კარგად გამოიყურება.

8. ჰარი კეინი

ჰარი კეინმა პრემიერ ლიგის 38-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ინგლისელის ანგარიშზე 30 გოლი და 3 ასისტი იყო. ცხადია, დიდებული რიცხვებია და რომ არა ერლინგ ჰოლანდი საუკეთესოც იქნებოდა.

30-გოლიან ნიშნულს ტოპ ჩემპიონატებში მხოლოდ კეინი და ჰოლანდი გადასცდნენ. ჰარის ანგარიშზე ტოტენჰემის გოლების თითქმის ნახევარი, 43% იყო. თანაც ინგლისის ნაკრების 151-ე კაპიტანმა ჩემპიონატში გოლების XG-ის თითქმის 9 გოლით გადააჭარბა.

მართალია ჰარიმ საფრანგეთთან მეორე 11-მეტრიანი გააფუჭა და ამით ინგლისი მუნდიალს დაემშვიდობა, თუმცა კეინი კატარშიც გამოირჩა. მსოფლიოზე კაპიტანმა 2 გოლი და 3 ასისტი დადო. სულ ჩატარებულ 58 შეხვედრაში კეინმა 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

7. ვიქტორ ოსიმენი

სერია A-ს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, სეზონის გუნდის წევრი, იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლი ჯილდოს მფლობელი, საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით – ეს ის რეგალიებია და რაც სეზონის დასრულებასთან ერთად ვიქტორ ოსიმენმა მოიხვეჭა.

ნაპოლი სერია A-ს ჩემპიონი ისე გახდა, რომ კამპანიური გუნდი, პირველ ადგილს მხოლოდ 2-ჯერ მე-4 და მე-5 ტურებში ჩამოსცდა. ამაში კი ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვებთან ერთად ვიქტორი ოსიმენის წვლილი უდიდესია.

ნიგერიელმა ფორვარდმა სულ 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 31 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

6. ხვიჩა კვარაცხელია

ობიექტურად, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია. ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა, თანაც მაშინ როდესაც ის ნაპოლიში სადებიუტო წელს ატარებდა.

„კვ-არანორმალურია, კვ-არარეალურია, კვ-არაამქვეყნიურია ამ ბიჭის იტალიური თავგადასავალი“ – თქვა ლაციოსთან მატჩზე Setanta Sports-ის კომენტატორმა ანდრო ხელაძემ და სეზონიც და თავგადასავლის დასაწყისიც ასეთი გამოვიდა.

კვარა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელიც 3-ჯერ გახდა. 12 გატანილ გოლს ქართველმა 10 საგოლე გადაცემაც დაამატა და საუკეთესო ასისტენტის ჯილდოც დაისაკუთრა. ამას გარდა ატალანტასთან გოლი მარტის თვის საუკეთესოდ აღიარეს.

ჩემპიონთა ლიგაზე კი აიაქსის, ლივერპულის, რეინჯერსის, აინტრახტისა და მილანის წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშა. საბოლოოდ ევროტურნირი კვარამ 2 გოლით და 4 საგოლე პასით დახურა.

ქართველი ფეხბურთელი UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

რაც შეეხება სანაკრებო შედეგებს – გასულ სეზონში მან ექვსივე ოფიციალურ მატჩში ითამაშა და 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

5. ვინისიუსი

მეხუთე ადგილზე ჩვენს სიაში ვინისიუსი მოხვდა. ბრაზილიელისთვის გამოწვევებით აღსავსე სეზონი გამოვიდა. სტაბილურად მაღალ დონეზე ჩატარებული წლის ფონზე იყო რასისტული სკანდალიც, რომელმაც სეზონის დასკვნით ნაწილში მსოფლიო ფეხბურთი აალაპარაკა.

ვინიმ საკლუბო დონეზე ჯამში 55 მატჩი ჩაატარა. 23 გოლთან ერთად 21 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ნაკრებში გამართულ 9 შეხვედრაში კი 2 გოლი და 2 ასისტი შეასრულა.

ბრაზილიელი გამორჩეული იყო ჩემპიონთა ლიგაზე. 12 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ვინისიუსს ტურნირის გუნდში მოხვედრაში დაეხმარა. საუკეთესო 11 ფეხბურთელში ის მადრიდის რეალის ერთადერთი ფეხბურთია.

4. კევინ დე ბრუინი

რთული გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ დარჩენილი 4 ადგილიდან ერთ-ერთი კევინ დე ბრუინს ეკუთვნოდა.

მართალია ბელგიამ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული კრახი განიცადა და ქეიდიბიმაც თქვა, დავბრედითო, თუმცა საკლუბო მიღწევებმა ყველაფერი გადაფარა. მან ნაკრებში სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

ტრებლი ტრებლად, თანაც ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგისა და FA თასის მოგებაში ბელგიელმა დიდი წვლილი დაიდო. თუმღა იყო მღელვარებაც. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმის მიღება დე ბრუინს ცუდად ჰქონდა დაცდილი.

თუმცა სტამბოლში, პორტუს ფინალისგან განსხვავებით მისმა გუნდმა გაიმარჯვა და სანუკვარ ჯილდოსაც დაეუფლა.

49 მატჩი საკლუბო ფეხბურთში, 10 გოლი და 28 საგოლე გადაცემა. როგორია? ცხადია, ჩინებული. წარმოიდგინეთ, მან 8 ასისტით მეტი გაიფორმა, ვიდრე ტოპ ლიგებში მეორე საუკეთესო შედეგის მქონე ფეხბურთელმა. ეს მეორე ფეხბურთელი კი ლიონელ მესია.

დე ბრუინს პრემიერ ლიგაში 102 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, თანაც ცენტურიონის ნიშნულს ის სესკ ფაბრეგასზე საგრძნობლად მალე გადასცდა.

ამ სეზონში ის 16 ასისტით საუკეთესო გახდა. თანაც, სეზონში 20-ზე მეტი გოლი უკვე მეოთხედ შექმნა. აქამდე, კი პრემიერ ლიგელებიდან ამ ნიშნულს მხოლოდ, კრისტიან ერიქსენი და მესუთ იოზილი გადასცდენიან.

და მისი გოლები? არსენალთან, ლივერპულთან, ლესტერთან, მადრიდის რეალთან ტიბო კურტუას კარში – უმნიშვნელოვანესი და საკვანძო!

ალბათ, სეზონის საუკეთესო მატჩი მას ეტიჰადზე არსენალთან ჰქონდა, როდესაც ჯერ გოლი გაიტანა, მერე კი ჯონ სტოუნსს გაატანინა.

და ეს ყველაფერი როგორია? ცხადია, დიდებული!

3. კილიან მბაპე

მესამე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა მუნდიალზე მოლოდინი გაამართლა და საფრანგეთის ნაკრებს ულიდერა. ფინალში გაფორმებული ჰეთთრიკი ოქროს მედლებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

კილიანს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჰქონდა. მუნდიალზე 8 გატანილი გოლითა და 2 ასისტით, ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მბაპე პსჟ-თან ერთად ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. კილიანმა 34 მატჩიდან 32 ძირითადში დაიწყო. 29 გოლითა და 5 საგოლე პასით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მბაპემ ლაკაზეტსა და დავიდს, შესაბამისად, 2 და 5 გოლით აჯობა.

ჩემპიონთა ლიგაზე, მართალია, პარიზული გუნდის ასპარეზობა 1/8-ფინალშივე დასრულდა, თუმცა მბაპესთვის ამას ხელი არ შეუშლია 7 გოლი და 3 ასისტი გაეფორმებინა.

საერთო ჯამში კილიანის ანგარიშზე სეზონში ჩატარებულ 56 მატჩში 52 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

ფეხბურთელს კონტრაქტი პსჟ-სთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს. მისი პოტენციური ტრანსფერი კი აქტუალობას კვლავ არ კარგავს.

2. ლიონელ მესი

გუნდის გადაწყვეტილებითა და შედეგების შეჯამებით, ლეო მესი მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

მესის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აკლდა და ახლა ლეგენდარულ არგენტინელს ისიც აქვს. მესიმ მსოფლიო ჩემპიონობა კატარულ მიწაზე, არაბულ ბიშთში შემოსილმა აღნიშნა.

კატარაში მოხდა ის, რასაც საფეხბურთო მსოფლიოს უმეტესობა ელოდა. არგენტინამ მსოფლიოს მესამე ჩემპიონობა მუნდიალებისთვის უჩვეულო დროს იზეიმა.

საკლუბო ფეხბურთში მესიმ არაერთი დაუვიწყარი მომენტი შექმნა. მის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე 21 გოლი და 20 ასისტი იყო.

ლეო გახდა ეკიპის ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მოხვდა ლიგა 1-ის სეზონის გუნდში. გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ასისტენტი. დაასახელეს ლაურეუსის წლის სპორტსმენად და არაერთი გამოცემის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

საბოლოოდ, პსჟ-მა კვლავ მოიგო ლიგა 1, თუმცა ნაადრევად, 1/8-ფინალში დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას.

სანაცვლოდ ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში ლეომ გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. “ხასიათით, ის ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა” – ამბობდა ემი მარტინესი მუნდიალის მოგების შემდეგ.

ასტონ ვილას მეკარეს ყველა ეთანხმებოდა, რომ ლეო ნაკრებში მორიდებული ჯადოქრიდან, ‘მეომარ ცუდ ბიჭად’ გადაიქცა. ამ ყველაფერმა კი უნისონში მსოფლიოს ჩემპიონის ტრიუმფი და საუკეთესო სანაკრებო სეზონი შექმნა. არგენტინელი ჯადოქარი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა. ის ერთადერთია ისტორიაში, ვისაც ეს ჯილდო ორჯერ აქვს მოგებული.

ის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი კვლავ იქნება.

ევროპული კარიერის შემდეგ 43 ოფიციალური ტიტულის მომგები ლეო მესი მომდევნო სეზონიდან MLS-ის ამერიკულ რეკორდებს შეუტევს და ქომაგების დატყვევებას უკვე ოკეანის მიღმა ეცდება.

1. ერლინგ ჰოლანდი

Setanta Sports-ის გუნდის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი ერლინგ ჰოლანდმა დაიკავა. ნორვეგიელს მართლაც ფენომენალური სეზონი ჰქონდა და მანჩესტერ სიტისთან ერთად ბოლოს ტრებლი დადო.

სეზონის დასაწყისში იყო კითხვები – მოერგებოდა თუ არა ჰოლანდი მანჩესტერ სიტის. რამდენად ჩაეწერებოდა ის გვარდიოლას სქემებში. როგორი აუღებდა ალღოს პრემიერ ლიგას, იქაურ მცველებთან რას გააწყობდა და ა.შ. კითხვები ჰოლანდის პირველმა კვირებმა გაცრიცა, პირველმა ორმა თვემ კი საერთო გააქრო.

პრემიერ ლიგაში ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლიგის თასსა და FA Cup-ზე ჯამში 6 მატჩი 4 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

სანაკრებო სეზონის მეორე ნახევარი ჰოლანდს ტრავმის გამო გაუცდა. 6 მატჩში 6 გოლისა და 1 საგოლე პასის ჩაწერა აქტივში, გოლების მანქანამ მაინც მოახერხა.

სეზონის სტარტზე ის მანჩესტერ სიტიმ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ დორტმუნდიდან წამოიყვანა. ქალაქელებმა მის კონტრაქში ჩადებული გათავისუფლების პუნქტი გაააქტიურეს.

ჰოლანდი პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი აგვისტოშივე გახდა. მან სამი ჰეთთრიკისთვის 8 მატჩი იმყოფინა. მოხსნა მაიკლ ოუენის რეკორდი, რომელსაც პირველი სამი ჰეთთრიკისთვის 48 მატჩი დასჭირდა. სეზონის ჭრილში კი მან ალან შირერის 10-მატჩიანი სერია გააუმჯობეს.

საბოლოო ჯამში, სეზონში ერლინგ ჰოლანდის ინდივიდუალური ჯილდოების ნუსხა ასე გამოიყურება:

  • პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
  • პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ოქროს ბუცის გამარჯვებული
  • ევროპის საუკეთესო ბომბარდირი, ოქროს ბუცის გამარჯვებული
  • ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფორვარდი
  • ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრი
  • ჩემპიონთა ლიგის სეზონის ბომბარდირი
  • უეფას ერთა ლიგის ბომბარდირი
  • მანჩესტერ სიტის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
  • FIFA FIFPro-ს სეზონის სიმბოლური გუნდის წევრი
  • IFFHS-ის ვერსიით მამაკაცთა მსოფლიო ნაკრების წევრი
  • ნორვეგიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, GULLBALLEN-ის გამარჯვებული
  • ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების (FWA) ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

სია მართლაც წარმოსადეგია. სტატისტიკის გარდა ჰოლანდის თამაში, რომ ყოვლისმომცველი იყო, ალბათ, ნაკლებად თუ იკამათებს ვინმე. გავლენა და განსხვავება კი, რომელიც ნორვეგიელმა ქალაქელთა გუნდს შემატა სეზონის ტრებლში გადახურდავდა.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.

SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.

SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე