ნაპოლი vs ბრაგა – წინათქმა

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. რამდენიმე მერვედფინალისტი უკვე ცნობილია, ნაწილიც დღეს და ხვალ შეემატებიან დანარჩენებს.

C ჯგუფში ასეთი სურათი გვაქვს:

  • მადრიდის რეალი 15 ქულა
  • ნაპოლი 7 ქულა
  • ბრაგა 4 ქულა
  • იუნიონ ბერლინი 2 ქულა

რეალი უკვე მერვედფინალშია. როგორც მოსალოდნელი იყო პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან. შესაძლოა, წინა სეზონით მოხიბლულნი ნაპოლისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ნაპოლისთვის ეს სეზონი ვერ იქნებოდა წინას მსგავსი. როგორც მინიმუმ სპალეტის წასვლის გამო. უნდა ვახსენოთ კიმ მინჯე და ცოტა გაურკვეველი სელექცია სპალეტის შემცვლელის ძიებაში.

ჰოდა ასე, ბოლო ტურში გადამწყვეტი მატჩია, თუმცა ნაპოლის მაინც აქვს უპირატესობა – მოგების, ყაიმის, ან მხოლოდ ერთი ბურთით წაგების შემთხვევაში ნეაპოლელები გავლენ შემდეგ ეტაპზე.

ასეთი მატჩისთვის დიდი უპირატესობაა. ბევრს გაახსენდება ამ კლუბებს შორის პირველი შეხვედრა, რომლის მოგებაც ნაპოლიმ ბოლო წუთებზე შეძლო.

ვინ როგორ ფორმაშია?

ბრაგა

ბრაგამ ბოლოს მადრიდის რეალთან წააგო. მას მერე კი ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს. ის ერთი ყაიმიც იუნიონთან გააგორეს. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერში ხელი მოეცარათ.

პორტუგალიის ჩემპიონატში ბრაგა მეოთხე ადგილზეა და პირველადგილოსან სპორტინგს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ბრაგამ ბოლო ხუთ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 მიიღო საკუთარ კარში.

ნაპოლი

ნაპოლისთვის ათვლა უმჯობესია ახალი მწვრთნელიდან დავიწყოთ. ვალტერ მაძარიმ ოთხ შეხვედრაში გაიყვანა გუნდი მოედანზე, აქიდან სადებიუტო მოიგო, მომდევნო სამში კი დამარცხდა. თუმცა, კალენდარზეც უნდა ითქვას – ატალანტას მოუგო, რეალთან, ინტერთან და იუვენტუსთან კი დამარცხდა.

რთული გზაა, რა თქმა უნდა.

დანაკლისი

ნაპოლის ისევ დააკლდება ორი მარცხენა მცველი – მარიო რუი და მატიას ოლივეირა.

ბრაგას შემადგენლობაში ვერ ითამაშებს ცენტრალური მცველი ნიაკატე, მან წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

კვარაცხელიას აკრიტიკებენ

ხვიჩა ბოლო დროს მომენტებს ვერ იყენებს. ეს არის მისი მთავარი პრობლემა, ამის გამო ხასიათიც უფუჭდება და კრიტიკაც არ აკლია. მით უმეტეს, უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიტოვა უკან, იქ კი ერთი მომენტის ფასი ძალიან დიდია.

სხვა ბევრი არც არაფერი შეცვლილა, იმდენად განსხვავდება ხვიჩას თამაში წინა სეზონისგან, რამდენადაც მთლიანად ნაპოლი განსხვავდება საჩემპიონო სეზონისგან. როცა მთელი გუნდის დინამიკა იცვლება, იქ რთულია სტაბილურად იგივე დონეზე ითამაშო.

დამაგვირგვინებელ ფაზას კი უნდა მიხედოს. საქმე იმაში არ არის რომ იუვენტუსთან ერთი-ერთზე ვერ გაიტანა. ფეხბურთია, ხდება. საქმე შესრულებაშია, ხვიჩა ახლოსაც კი არ ყოფილა გატანასთან, მომენტი კარგად ვერ შეაფასა, მეკარის სისწრაფე ვერ გათვალა, მის პირველ შეხებასა და მეკარის სასტარტო ნაბიჯს შორის იმდენი დრო იყო რომ საკმარისად ახლოს მოუშვა, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.

ნაპოლის შეუძლია ხასიათი გამოიკეთოს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა ერთი დიდი ამოსუნთქვა იქნება, პროგრამა მინიმუმი. მერე წილისყრაზე შეუძლიათ ისევ ჩაისუნთქონ.

სად ვუყუროთ ნაპოლი vs ბრაგას?

მატჩის ყურებას სეტანტას სატელევიზიო არხზე და Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე