NBA – ლუკა დონჩიჩის 50 ქულა და მოგება ფინიქსთან

შეერთებული შტატების საშობაო საჩუქარი ბოსტონისა და ლეიკერსის კლასიკა იყო, თუმცა, ყველა ბედნიერი ვერ დარჩა ამ შეხვედრით. ეს კალათბურთია, ყაიმი არ მოსულა, მხოლოდ ერთმა უნდა მოიგოს.

გარდა ბოსტონი ლეიკერსისა, კიდევ ორი საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ, მაიამიმ ფილადელფია დაამარცხა, დალას მავერიქსმა კი ფინიქს სანსი. ჰოდა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სანტა კლაუსის როლი ლუკა დონჩიჩს ერგო.

განსხვავებული სურათი არც ამჯერად გვაქვს, რეგულარული სეზონის მიწურულს აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაფერი დღესავით ნათელი იქნება, დასავლეთ კონფერენციაში კი ისევ დიდი ბრძოლა ატყდება, რამდენიმე ვარსკვლავი კი პლეიოფს მიღმა დარჩება.

დასავლეთის ბედი ასეთია.

ბოსტონი vs ლეიკერსი

კარგი შეხვედრა გამოვიდა, ლებრონი ამ დაპირისპირებას კარგ ფორმაში შეხვდა, მაგრამ მეორე მეოთხედში საკალათბურთო საზოგადოების გულისცემა აჩქარდა, ლებრონი ჯეილენ ბრაუნს შეეჯახა, მუხლი იტკინა და პარკეტზე გაწვა. ყველა ასეთი მომენტის მერე გგონია, რომ ეს დასასრულია, მეფეც უნდა წავიდეს, დრონი მეფობენ.. მაგრამ ეს კაცი გადის, წყალს სვამს და ბრუნდება. ისე თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

ჯეილენმა იკითხოს..

თუმცა, საუკეთესო შეხვედრა მაინც არ გამოუვიდა, ისეთი როგორსაც ბოლო დროს ატარებს, წინა შეხვედრაში 40 ქულა ჩააგდო! მანამდე კი 23 ქულაზე ნაკლები არ აუღია, მაგრამ ამჯერად მეტოქე ჰყავდა განსაკუთრებული. დრო იყო ლებრონისთვის ბოსტონი მთავარი მოტივატორი ხდებოდა და სწორედ ამ დროს ვხედავდით საუკეთესო ვერსიას, მაგრამ წავიდა ეგ დრო.

სამაგიეროდ ენტონი დევისს გაეხსნა ხელ-ფეხი და ლებრონის შესაფერისი სტატისტიკა დადო, ბოსტონმა კი მაინც მარტივად მოიგო – 126:115.

  • პორზინგისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 28 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. ორიდან ერთხელ თვით ლებრონს დააფარა. 8-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 11/19.
  • ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკი. ექვსიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
  • ლებრონის ანგარიშზე 16 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტია. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/14 ზე.
  • ენტონი დევისმა 40 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა. 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 15/26.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. ლეიკერსი დასავლეთში მეცხრეა.

ფინიქსი vs დალასი

არ არის ირვინგი – არ არის პრობლემა. ლუკამ კიდევ ერთი შოუ დადგა და რამდენიმე ქულით გაზარდა იმის შანსი რომ რეგულარული სეზონის MVP-ი გახდეს. კონკურენცია დიდია, ჯოელ ემბიდი ისევ კარგ ფორმაშია, ჰარდენის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტის გაკეთება უწევს თამაშის მოსაგებად. კარგია იანისი, რამდენიმე სუპერ მატჩი გვაჩუქა. რა თქმა უნდა, სახსენებელია ნიკოლა იოკიჩი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ მოცემულობით, ლუკას უფრო მეტი შანსი ექნებოდა.

დალასმა 128:114 მოიგო.

დურანტმა და ბუკერმა ვერაფერი გააწყეს, ლუკა დონჩიჩი შეუჩერებელი იყო, თამაში თუ წაუვიდა კარგად იყავი, მისი გამჩერებელი არავინაა. თან იქმნება შთაბეჭდილება რომ ყველაფერი შეუძლია.

ლუკას სტატისტიკა ასეთია – 50 ქულა, 15 ასისტი, 6 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ბლოკი. ლუკამ 16-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/25,

თავს კარგად ვგრძნობ – თქვა მატჩის შემდეგ ლუკამ – ლაივლი დიდი ხნის მანძილზე გვაკლდა, კაირი გვაკლია აღარც ვიცი რამდენი ხანია, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ საუკეთესო ფორმისგან. გუნდმა ძლიერი მენტალობა აჩვენა, ერთი სული მაქვს კაირი როდის დაბრუნდება“.
  • დურანტის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. სამიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
  • ბუკერის ანგარიშზე 20 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ოთხიდან ერთი სამქულიანი გამოიყენა.

დასავლეთ კონფერენციაში დალასი მეექვსე ადგილზეა, ფინიქსი მეათეზე.

დღის მესამე შეხვედრაში მაიამიმ 119:113 დაამარცხა ფილადელფია. ჯიმი ბატლერსა და ჯოელ ემბიდს მონაწილეობა არ მიუღიათ.

ხვალ გამთენიისას ქართველები ითამაშებენ. ორლანდო მეჯიქი ვაშინგტონ ვიზარდს შეხვდება, სან ანტონიო სპურსი კი იუტა ჯაზს, ამ უკანასკნელის ხილვას Setantasports.com ზე შეძლებთ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე