NBA – ჯა მორანტი ვემბის გადააფრინდა

დრო მიდის, მიფრინავს, მაგრამ რაღაცები არ იცვლება. მეფე ისევ კვარცხლბეკზეა და ალბათ ის არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა რატომ კარგავს კალათბურთის ქომაგი დროის შეგრძნებას. თუ წერტილი არ დაისვა წელი არ სრულდება.

წავიდნენ ლეგენდები და კონკრეტულ დეკადებს მივაკუთვნეთ, დავარქვით წარსული და ხანდახან გავხედავთ ხოლმე, მაგრამ ლებრონი ისევ აქ არის. დროზე გამეფდა.

ამასობაში ახალ-ახალი ვარსკვლავები იწყებენ კაშკაშს, ჯა მორანტმა და ვიქტორ ვემბანიამამ პატარა შოუ დადგეს. წინა სეზონის MVP-ი კი ოთხმატჩიანი უქმობის შემდეგ სამმაგი დუბლით დაგვიბრუნდა.

ორლანდო კი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა, გოგა ბითაძემ 26 წუთი მიიღო.

ორლანდო vs გოლდენ სტეიტი

ისევ საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო და ისევ არ აღმოჩნდა საკმარისი წარმატების მისაღწევად. იოლი არ იყო, გოლდენ სტეიტი თავის კედლებში ურთულესი დასამარცხებელია, მით უმეტეს, თუ სტეფ კარი კარგ ხასიათზეა.

კარის უყვარს ახალი წელი, ქომაგებისთვის სანტა კლაუსის როლი აქვს მორგებული, ბევრი ქულა მოაქვს, ბევრი სიხარული. თავადაც ბედნიერია და გოლდენ სტეიტის ფანებსაც აჯერებს, რომ ამ გუნდს პლეიოფში ყველაფერი შეუძლია.

  • გოგამ როგორც აღვნიშნეთ 26 წუთი მიიღო, ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. FG – 6/6 ზე. ერთიდან ერთი სამქულიანი ისროლა ზუსტად.
  • პაოლო ბანჩერომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/20.
  • სტეფ კარის ანგარიშზე 35 წუთში 36 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/20 ზე.

გოლდენ სტეიტმა 121:115 მოიგო. გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი სადაც გოლდენმა ექვსი ქულით მოიგო და საბოლოოდ შეინარჩუნა დისტანცია.

ორლანდო აღმოსავლეთში მეოთხე ადგილზეა, უორიორზი დასავლეთ კონფერენციის მეთერთმეტე ადგილს იკავებს.

გოლდენ სტეიტი მომდევნო შეხვედრაში დენვერ ნაგეთსს დაუპირისპირდება, ორლანდო მეჯიქი – საკრამენტოს.

ფილადელფია vs ჩიკაგო

დღის მთავარი თემა ჯოელ ემბიდის დაბრუნებაა. ჯოელი სამმაგი დუბლით დაბრუნდა, ისევ ჯიუტად იქაჩება MVP-ის ტიტულისთვის. ხმებიც ისმის იმის შესახებ რომ ახლა უკეთესი სეზონი აქვს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა. არ ვიცი.. საკამათოა, შესაძლოა ახლა უფრო ჩანდეს, რადგან ჰარდენის წასვლის მერე უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება უწევს და უფრო მეტად აქვს ლიდერის როლი მორგებული.

ფაქტია, რომ ტაირის მაქსი გვერდს უმაგრებს, ისიც ფაქტია, რომ დიდი ბიჭი ბევრს მუშაობს, ბევრს შრომობს და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.

ფილადელფიამ ჩიკაგო 110:97 დაამარცხა.

ჯოელმა 31 წუთში 31 ქულა, 15 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.

ფილადელფია სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ნიუ-იორკ ნიქსთან გამართავს.

მემფისი vs სან ანტონიო

ჯა მორანტი მოუსვენარი ბავშვია, კალათბურთსაც ასე თამაშობს, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ახალი ბიჭის გამოჩენით დაინტრიგებული იყო, მისთვის ახალი გამოწვევაა, თამაშში უნდა ენახა როგორია ვიქტორ ვემბანიამას წინააღმდეგ წასვლა.

კონკურენციის ამბავიც არის, თავის დროზე ჯას აპიარებდნენ როგორც NBA-ის მომავალს, იმაზე მეტად, ვიდრე მაგალითად ზაიონ უილიამსონს, ახლა კი ვიქტორზე არ წყდება საუბარი და ისიც კი ითქვა ლებრონის მერე ასეთი დებიუტანტი NBA-ის არ ჰყოლიაო. ვემბიც არ ირცხვენს თავს, მართალია სპურსი შერცხვენილია, მაგრამ ვემბი მაგრად დგას.

ჰოდა, მოვიდა ჯა მორანტი.

პირველი ნახევარი ასე თუ ისე თანაბრად წარიმართა, მემფისს ორქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მთავარ ჰაილაითი ვიქტორის დაფარება იყო ჯა მორანტზე.

მეორე ნახევრის მთავარი ჰაილაითი კი პატარა შურისძიება იყო, ჯა მორანტი ბოლოსკენ შეგნებულად მიდიოდა ვემბიზე, მოსინჯა, შეაფასა და ბოლოს თავზეც დაატენა.

საბოლოოდ, მემფისმა 106:98 მოიგო.

  • ვემბის ანგარიშზე 26 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 4 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/16.
  • ჯა მორანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 35 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/15.
  • სანდრო მამუკელაშვილს ორი წუთი დაუთმეს, ერთი სამქულიანი ჩააგდო და ერთი ბლოკიც მიითვალა.

სპურსი დასავლეთ კონფერენციაში სტაბილურად მეთხუთმეტე ადგილზეა. მემფისი მეცამეტეა და ჯა მორანტის დაბრუნების შემდეგ ეტაპობრივად წინ უნდა იაროს.

მომდევნო შეხვედრას დათვები ტორონტოსთან გამართავენ. სან ანტონიო კი მილუოკს შეხვდება.

რეგულარული სეზონი

  • პელიკანსი vs ბრუკლინი – 112:85
  • ოკლაჰომა vs ბოსტონი – 127:123
  • საკრამენტო vs შარლოტი – 104:111
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე