“ყოველი სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ფეხბურთის გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით ხვდება, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ქართველები არიან. დიდი ხანია, ქართველი ფეხბურთელები ელიტას, იმავე ტოპ 5 ლიგას მოწყვეტილები არიან, ესაა მიზეზი იმისა, რომ მათ არჩევანს მუდმივად იმ კონტექსტში განიხილავენ, იქცევა თუ არა საშუალო დონის ევროპულ ქვეყანაში თამაში ტრამპლინად, კარგ ევროპულ კლუბში ან ჩემპიონატში მოსახვედრად. საქართველოდან ფეხბურთელების გადინებას, სატრანსფერო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდ კონკურენციასთან ერთად, ბიუროკრატიული პრობლემებიც ართულებს”.
Setanta Sports-ის გუნდმა, ზუსტად 2 წლის წინ, ამ სიტყვებით გავხსენით საინფორმაციო კამპანია, „ასოცირებული სპორტსმენები“, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემას ეხებოდა.
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი, როგორც მთელ რიგ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოების აუცილებლობას, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვან დივიდენდებს გულისხმობდა.
თუმცა, ნაკლებად სპორტსმენებისთვის და მათ შორის, ცხადია, ფეხბურთელებისთვის.
ახლა კი, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კიდევ ერთი ბიძგისმიმცემი შეიძლება გახდეს იმ პროცესის დასაწყებად, რომლის ფარგლებშიც, ქართველი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდება. აღსანიშნავია, რომ თუ საბოლოო მიზანი, ანუ ევროკავშირში გაწევრიანება, პრობლემებს სრულყოფილად გადაჭრიდა, არსებული გართულებების ნაწილობრივ მოგვარებაზე ზრუნვა და, შესაბამისად, კონკრეტული შედეგის მიღება, უკანასკნელი პოზიტიური სიახლეების გამო, საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებამდეცაა შესაძლებელი.
კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, ევროკავშირის წევრობამდე არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული დრო და ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალური პროცესია. რაც მალე დააახლოებს ქვეყანა საკუთარ საკანონმდებლო და ეკონომიკურ ეკოსისტემას ევროკავშირის სივრცესთან და შეასრულებს 9 დათქმას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გასახსნელად, ცხადია, პროცესი მით უფრო დაჩქარდება.
რა წერია სპორტზე ასოცირების შეთანხმებაში
შეთანხმების ციფრულ ვერსიაში საძიებო სიტყვა „სპორტი“ რომ ჩაწეროთ, 394 შედეგს მოგცემთ, თუმცა მათგან სპორტს მხოლოდ 5 ეხება. დანარჩენი კი ექსპორტი, ტრანსპორტი და ორთოგრაფიულად მცდარი სპი(ო)რტია.
თავი 19
თანამშრომლობა სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში
მუხლი 368
“მხარეები ითანამშრომლებენ სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებას, სპორტის მობილურობას, სპორტის წინაშე მდგარი ისეთი გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორებიცაა დოპინგის გამოყენება, რასიზმი და ძალადობა.”
ეს იმის ბრალია, რომ 9 წლის წინ არავინ იფიქრა იმაზე, რომ სპორტი და სპორტსმენები საუკეთესო ამბასადორები არიან და მათთვის ევროპის კავშირში გახსნილი გზა, ისევ ქვეყნის ევროინტეგრაციას დაეხმარებოდა, რაც თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითაა გაწერილი და ეს სწრაფვა შეუქცევადი პროცესი უნდა იყოს.
რა შეიცვლება ქართული სპორტისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში
ფაქტია, მხოლოდ ასოცირებული ქვეყნის სტატუსით არაევროკავშირელებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს საქართველომ თავი ვერ აარიდა. ეს დაბრკოლებები კვლავ ძალაშია და გავლენას ახდენს ქართველ ფეხბურთელებზე.
კითხვაზე – რა შეიცვლება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ყველაზე ზოგადი პასუხი თავისუფლებაა. თავისუფლება იმ რეგულაციებისგან, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში არაერთი ქართული ტრანსფერის წინაღობა და ჩაშლის მიზეზი გამხდარა.
შესაბამისად, გაიზრდება ფეხბურთელების რაოდენობა წამყვან ჩემპიონატებში. აღარ იქნება საჭირო იყო ხვიჩა კვარაცხელიას კალიბრის, რათა წამყვანი ჩემპიონატის რომელიმე გუნდის ყურადღება მიიქციო.
ფეხბურთელების რაოდენობრივი ზრდა, საშუალო და ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში კი გაზრდის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კონკურენციას და მწვრთნელისთვის არჩევანს.
გაიზრდება დონე და გაჩნდება წარმატების მეტი წინაპირობა. სპორტში წარმატება კი მთლიანად ქვეყანაზე აისახება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
განცალკევებით, გაიზრდება ინტერესი ქართული კლუბების მიმართ. თუკი დღესდღეობით, ეროვნული ლიგის კლუბებს ძალიან უჭირთ ძლიერი ლეგიონერებისთვის სასურველი და მიმზიდველი წინადადებების შეთავაზება, ეს მოცემულობა მომენტალურად შეიცვლება, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
მიზეზი მარტივია, ქართული პასპორტი უფრო მიმზიდველი გახდება. ლეგიონერები სხვადასხვა კონფედერაციებიდან საქართველოს ჩემპიონატსაც ერთ-ერთ პოტენციურ ტრამპლინად ჩათვლიან, მოხვდნენ გამორჩეულ ლიგებში, და საქართველოში საკმარისი დროის, დავუშვათ 5 ან მეტი წლის, გატარებით ისინი მიიღებენ ევროკავშირის ჩემპიონატებში იდენტურ სიკეთეებს.
ამის მკაფიო მაგალითი კვიპროსია. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ანორთოსისი, აპოელი, აპოლონი, აეკ ლარნაკა და სხვა კვიპროსული გუნდები უფრო ძლიერი ლეგიონერებისთვის მიმზიდველ კლუბებად გადაიქცნენ. შესაბამისად, კვიპროსულმა გუნდებმა სამივე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს და სტაბილურად თამაშობენ.
შეზღუდვა ლეგიონერებზე სერია A-ში
სტატია 2 წლის წინანდელი ციტატით დავიწყეთ. მაშინ TOP 5 ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელების სიბრტყეში მართლაც ნოსტალგიურ მოსაგონრადღა თუ გვქონდა. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მოცემულობა შეცვალა.
კვარას ეფექტმა კვლავ გააჩინა ხელშესახები ინტერესი ქართველი ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი ცხადია, ახალგაზრდების მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ არა სტატუსობრივი შეზღუდვა, დღეს ტოპ ჩემპიონატებსა და ქვეყნებში საგრძნობლად მეტი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.
სერია A-ს გუნდებს ჩემპიონატის განაცხადში მაქსიმუმ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ.
ანუ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რომელიმე იტალიური კლუბის პოტენციური სამიზნეა, კონკურენციაში განიხილება ბრაზილიელ, არგენტინელ, ურუგვაელ, ამერიკელ, მექსიკელ, გვინეელ, მალელ, ნიგერიელ, იაპონელ, სამხრეთ კორეელ, სერბ და კიდევ ძალიან ბევრ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან.
ამას გარდა, სეზონში კლუბს მხოლოდ 2 ასეთი სტატუსის მატარებელი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია.
ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც და მიზანმიმართული მუშაობით, საქართველოც მათ რიცხვში უნდა შევიდეს. მაგალითად, სერია A-ში ინგლისელი და შვეიცარიელი ფეხბურთელები არაევროკავშირელებად არ ითვლებიან.
ასევე იმ კონფედერაციების წარმომადგენელ ფეხბურთელებზე, ვისაც Cotonou Agreement-ი და კოლპაკის წესი ეხება, თუმცა ამაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად დავწეროთ.
სახელფასო ზღვარი ნიდერლანდებში
ნიდერლანდებში ასეთ დაბრკოლებად სახელფასო მინიმუმი გვევლინება. რაც ცხადია, ხელისშემშლელია კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობაში.
ერედივიზიის კლუბი ვალდებულია არაევროკავშირელ ფეხბურთელს, რომელიც 20 და მეტი წლის არის, წლიურ ანაზღაურებად მინიმუმ €436 202 დაუნიშნოს, 20 წელზე ახალგაზრდა ფეხბურთელს კი – €218 000
ცხადია, ეს დიდი ბარიერია და ამის დასტური საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი აბურჯანიას შემთხვევაში ვნახეთ.
პანდემიურ და პოსტ პანდემიურ ეპოქაში ტოპ კლუბებსაც კი გაუჭირდათ ფინანსურად. საშუალო და დაბალი შესაძლებლობების კლუბებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
ენსხედეს ტვენტეს გიორგი აბურჯანიასთან გამომშვიდობება სწორედ ამ რეგულაციისა და მისი არაევროკავშირელის სტატუსის გამო მოუხდა, არადა ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურდა.
შეზღუდვა ლეგიონერებზე ლა ლიგაში
ლა ლიგაში მყოფ კლუბს გუნდში მხოლოდ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს. თუმცა აქედან სამატჩო განაცხადში 3-ის შეყვანა შეუძლია.
ეს ციფრი ლა ლიგა 2-ის შემთხვევაში 2-მდე მცირდება.
ცხადია, ეს ლიმიტიც ხელისშემშლელი ფაქტორია ქართველი ფეხბურთელებისთვის. ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე 2 და მეტი წელი უნდა იყო კანონიერ ქორწინებაში, ან ესპანეთში ცხოვრობდე და თამაშობდე 5 წელი, ცხადია, ლეგალურად, ასეთ შემთხვევაში შენზე შეზღუდვა აღარ გავრცელდება.
მოკლედ, ამ შემთხვევაშიც, ან ფორტუნამ ძალიან უნდა გაგიღიმოს, ან ცხრათავიანი გველეშაპი უნდა დაამარცხო, რომ ბოლო ტურში გახვიდე, ანდა გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის კალიბრის უნდა იყო.
შეზღუდვა ლეგიონერებზე ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგაში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე რაოდენობრივი ლიმიტი არ არსებობს. თუმცა თითოეული კლუბი პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ვალდებულია ჩემპიონატის განაცხადში, მინიმუმ, გერმანიის მოქალაქე 12 ფეხბურთელი ჰყავდეს.
სამაგიეროდ არსებობს არანაკლებ მტკივნეული შეზღუდვა. არაევროკავშირელს დუბლშემადგენლობაში თამაშის უფლება არ აქვს.
მაგალითად გურამ გიორბელიძის მოყვანა შეგვიძლია, რომელიც დრეზდენის დინამოში თამაშობდა. ან გიორგი ჩაკვეტაძის, რომელსაც ჰამბურგის ძირითადში ბოლო თვეებში აღარ ენდობოდნენ. ან ბუდუ ზივზივაძე, რომელიც კარლსრუეში დიდი კონკურენციის გამო მხოლოდ შემჭიდროვებულ სათამაშო დროს და წუთებს იღებდა.
ამ სტატიაში მხოლოდ იმ შეზღუდვების ნაწილია მოთხრობილი, რომელიც ან ტოპ ჩემპიონატებს ეხება, ან ბოლო წლებში გახმაურდა.
მოყვანილი და მსგავსი შეზღუდვები სხვა ევროპულ, როგორც საშუალო ასევე მაღალი კალიბრის ჩემპიონატებშიც მოქმედებს.
ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანება მათ მომენტალურად გააქრობს, თუმცა კანდიდატის სტატუსი ავტომატურ წევრობას რადგანაც არ ნიშნავს, ამიტომაცაა ჰაერივით სასიცოცხლო ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება და რეფორმების გატარება.
ქართველი ფეხბურთელებისთვის ხელშეწყობა ერთგვარი ინვესტიცია იქნება ქვეყნისგან, რომელიც თავადვე იხეირებს, ყველა კუთხით, თანაც მოკლევადიან პერსპექტივაში.
მათ შორის, ამ მკაფიო მიზეზების გამო სახელმწიფოს რეფორმების გატარება და ევროკავშირის სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება მართებს.