NBA-ში ხუთი მატჩი გაიმართა და მეტნაკლებად ყველა საინტერესო გამოდგა. ხუთიდან ერთი შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და მხოლოდ ერთმა ქულამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჰოდა, მოდი, ამით დავიწყოთ.
მილუოკი vs საკრამენტო
გუნდებმა შეტევაში ძალიან აქტიურად ითამაშეს, პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, მილუოკიმ სულ რაღაც ორი ქულით მოიგო – 68:66. ტრადიციულად გამოირჩნენ ფოქსი და საბონისი, საკრამენტოს სამიანებიც წაუვიდა, მაგრამ ამ კომპონენტში მილუოკის დაჯაბნა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
მეოთხე მეოთხედისთვის საკრამენტო 38%-ის სიზუსტით ისროდა სამიანებს, მილუოკი კი 54%-ით.
თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა საკრამენტომ სწორი დაქტიკითა და დისციპლინით შეძლო. მართალია, იანისს რომ საჯარიმო ზუსტად გამოეყენებინა ვეღარც დისციპლინა უშველიდათ, მაგრამ ეს კალათბურთია, სადღაც შანსი ყოველთვის მოგეცემა, ეს შანსი კი ფოქსმა გამოიყენა – 128:128.
ოვერტაიმში კი დემიენ ლილარდი ნამდვილი ღმერთი იყო! უდიდესი წვლილი მიუძღვის რომ მილუოკი თამაშში დააბრუნა და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა თავის თავს აჩუქა ბოლო სროლა – ბაზერ ბითერი ყოველთვის კარგი სანახავია, მაგრამ ვერაფერი შეედრება ბაზერ ბითერს, რომელიც სამიანით სრულდება, თან მაშინ, როცა ორი ქულით აგებ.
მილუოკი 142:140-ს აგებდა, ლილარდმა კი თამაში მოიგო.
ამისთვის მოიყვანეს. თავად ყველაზე კარგად იცის რისთვის მოვიდა.
- იანის ანტეტოკუნმპომ სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა – 27 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი, 3 ჩაჭრა. FG – 9/16.
- ლილარდის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტია. 13-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/23.
- საბონისმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა – 21 ქულა, 13 მოხსნა, 15 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/10.
- დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 32 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/26.
რეგულარული სეზონი
- დენვერი vs ინდიანა – 117:109
- მაიამი vs შარლოტი – 104:87
- მინესოტა vs კლიპერსი – 109:105
- პორტლენდი vs ფინიქსი – 116:127